понедельник, 29 апреля 2013 г.

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ბორჯომის ხეობაში


,,ბორჯომი~. გივი ბაქრაძე ბორჯომში დაიბადა 1984 წელს, დაამთავრა #1 საშუალო სკოლა, სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, არის სამკურნალო საქმის ბაკალავრი. არის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის დეპარტამენტის მაგისტრი.
2010 წელს იყო პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის სტუდენტი, დიდი ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის ადაპტირებული ქართული პროგრამის სტუდენტი. 2011 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტია. აქვს პრაქტიკული მუშაობის დიდი გამოცდილება. გამოაქვეყნა არაერთი საინტერესო სამეცნიერო შრომა.
ჰყავს მეუღლე ანა კობაიძე, სპეციალობით ენდოკრინოლოგი.
ქვემოთ გამოქვეყნებული მისი ნაშრომი ფრიად საყურადღებოა. იგი ავტორმა შარშან ბათუმში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა და მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

თანამედროვე მსოფლიოსთვის ნათელია ის დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელსაც ტურიზმი იძენს მსოფლიო ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. იგი ხელს უწყობს კეთილმეზობლური პოლიტიკის განმტკიცებას, სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს კულტურათა შორის.
ამჟამად სახელმწიფოს მხრიდან აქცენტი კეთდება ტურიზმის ისეთ პოპულარულ მიმართულებებზე, როგორიცაა ეკოტურიზმი და ზღვაზე დასვენების ტურიზმი (აჭარა, სამეგრელო), აგრეთვე პრიორიტეტულ საკითხად განიხილება ინფრასტრუქტურის განვითარება სამთო-სათხილამურო ტურიზმის სრულყოფის მიზნით.
სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადმზარდი და პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
გამაჯანსაღებელი ტურიზმის პოპულარობამ განაპირობა მთელი რიგი სერვისებისა და ეკონომიკის დარგების განვითარება, რომელიც ეხმარება პაციენტებს ამგვარი მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სერვისები სამედიცინო ტურიზმში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი ასპექტებით:
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმის შედგენა (სამედიცინო ტურისტის ვიზიტამდე);
დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დასვენება;
პროფილაქტიკური-სამედიცინო გამოკვლევები;
დისტანციური კონსულტაციები წამყვანი კლინიკის სპეციალისტებთან;
პრე და პოსტჰოსპიტალური კურაცია/კონსულტაცია.
აღნიშნული ტურიზმის სტანდარტულ სერვისებად აგრეთვე მოიაზრება სავიზო დოკუმენტაციის მოწესრიგება, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, თარჯიმანის თანხლება, საექსკურსიო და კულტურულ პროგრამებში ჩართვა და სხვა.
სამწუხაროდ, დღესდღეობით სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი საქართველოOში ცნობილია ძირითადად საექსპორტო მიმართულებით ანუ ხდება ტურისტების მიგრაცია ქვეყნიდან გარე მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ვერ დაიტრაბახებს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიებით, ქვეყანას გააჩნია საკმარისი კლიმატურ-ბალნეოლოგიური რესურსი იმისათვის, რომ იქცეს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მოწინავე ქვეყნად კავკასიის რეგიონში.
ბუნებრივი ფაქტორების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების გამო (სასურველი ჰავა, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები) საქართველOოში იდენტიფიცირებულია 340-მდე იდენტიფიცირებული სამკურნალო ზონა, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის განმტკიცების, დაავადებათა მკურნალობისა და პრევენციისათვის. მათ შორის ბორჯომი, ბაკურიანი, ახტალა, ბახმარო, ბეშუმი, საირმე, წყალტუბო და სხვა.
ბორჯომის ხეობა ძირითადად წარმოდენილია კურორტებით, რომლებიც ინდივიდუალური ტურისტული პოტენციალით ხასიათდება.
სამთო-სათხილამურო ტურიზმის კლასიკური ნიმუშია ,,მთის მარგალიტად~ წოდებული ბაკურიანი, რომელიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მოწინავეა ხეობაში.
რატომღაც სრულიად დაუმსახურებლად ბორჯომი დღესდღეობით სეზონური კურორტის სტატუსს ატარებს და მისი ტურისტული აქტივობა წელიწადში მხოლოდ ორი თვით _ ივლის-აგვისტოთი შემოიფარგლება, თუმცა ბორჯომს თავისი მინერალური წყლისა და კლიმატური პირობების სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე, ნამდვილად აქვს პოტენციალი კავკასიის რეგიონში დომინანტ ბალნეოლოგიურ კურორტად იქცეს. ბორჯომის რაიონი ხასიათდება განსაკუთრებული კლიმატური პირობებით, რაც განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით. იგი გამოირჩევა ზომიერი კლიმატით და მზის მნიშვნელოვანი აქტივობით, რაც განაპირობებს კლიმატის თერაპიული თვისებების შენარჩუნებას წლიდან წლამდე. მზის რადიაციის ცვალებადობა და მდიდარი მცენარეული საფარი განაპირობებს რეგიონში სამკურნალო-კლიმატურ თავისებურებებს.
მინერალურ წყლებთან ერთად კლიმატი და თვალწარმტაცი ლანდშაფტი ბორჯომის ხეობის ძირითად სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს.
ბორჯომის ხეობის ტურისტული პოტენციალი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის კუთხით სრულიად აუთვისებელია. ამ საჭირო და ქვეყნისათვის მომგებიანი პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა შემდეგი გადაუდებელი საკითხების მოგვარება.
საჭიროა შემUუშავდეს ბორჯომის ხეობის განვითარების კონცეფცია. გამოიყოს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების სახეები, მისი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე;
სახელმწიფოს პატრონაჟით შემუშავდეს, დამტკიცდეს საინვესტიციო პროექტები, სახელმწიფომ უზრუნველყოს ინვესტიციების მოზიდვა სამკურნალო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების მიზნით;
საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული პოტენციალის პროპაგანდის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს სამკურნალო-ბალნეოლოგიური თვისებების მქონე კურორტებზე;
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის თვალსაზრისით შეირჩეს ისეთი სამიზნე ჯგუფები, როგორიცაა კავკასიის რეგიონის ქვეყნები: შუა აზია (მაგალითად, ყაზახეთი), ბალტიისპირეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები;
გამჭვირვალე გახდეს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და არქიტექტურული დაგეგმარების პროექტები;
შემუშავდეს ისტორიულ კულტურული ბუნების ძეგლებისა და საკურორტო ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით ტურისტებით დატვირთვის რეჟიმი და დაწესდეს ამ რეჟიმის დაცვის კონტროლის მექანიზმები;
განახლდეს და თანამედროვე მეცნიერულ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი სამეცნიერო კვლევითი სამUუშაოების წარმართვა ბორჯომის მინერალური წყლების და ზოგადად ხეობის არსებული სამკურნალო პოტენციალის შესასწავლად და განსავითარებლად;
ტურისტული და საკურორტო ინდუსტრიის, მისი ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და აღჭურვის ხარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში.
აღნიშნული საკითხების მოგვარების შემდეგ სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის შესამუშავებელია მოქმედების სტრატეგია. იგი მიზნად უნდა ისახავდეს, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკურ პროცედურებს, ასევე ექსკურსიების ორგანიზებას კულტურის ძეგლების და დაცული ტყე-პარკების გასაცნობად. ტურისტული მომსახურების ორგანიზება მოითხოვს მინიმუმ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას.
ტურისტების ნაკადების გაზრდა თანამედროვე სარეკლამო საშუალებების გამოყენებით, რომელიც ორიენტირებული იქნება შიდა სეგმენტზე, ასევე ტურისტების ნაკადზე მეზობელი ქვეყნებიდან;
ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მიმართულებების განვითარება და ხელშეწყობა, როგორიცაა გზები, სამედიცინო გამაჯანსაღებელი დაწესებულებები თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი კატეგორიის სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, კვალიფიციური გიდები, საცნობარო ბუკლეტები, სუვენირები და სხვა;
პარკებისა და სკვერების დაცული ეროვნული ტყე-პარკების კეთილმოწყობის უწყვეტი მონიტორინგი;
ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (ავტობუსები, მიკროავტობუსები, ჯიპები და ა.შ.), კარვებით, საძილე ტომრებით, გასაშლელი მაგიდებით და სხვა.
ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება მოითხოვს ინვესტიციებს, მისი მოზიდვა მხოლოდ ადგილობრივი ძალებით შეუძლებელია. ვფიქრობთ, აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნება. თუ გვინდა ბორჯომის რეგიონი ორთვიანი საკურორტო ზონიდან გადაიქცეს მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებად სამედიცინო და კულტურული ტურიზმის, ეკოტურიზმის, რელიგიური ტურიზმის განვითარების კერად. ყოველივე აღნიშნული ჩამოაყალიბებს განვითარებულ ტურისტულ ბაზარს აღნიშნულ რეგიონში, რაც მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს და განავითარებს ადგილობრივ ბიზნესს რეგიონში, რომელიც წელიწადის უმეტეს პერიოდში უსიცოცხლოდაა დარჩენილი.

გივი ბაქრაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. (იბეჭდება შემოკლებით)
10.08.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.




http://regions.ge/samtskhe-javakheti&newsid=4857&year=2011&position=news_main

Комментариев нет:

Отправить комментарий